ოფშორული პროგრამირება საქართველოში

 

რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მეტად განიცდის ის კვალიფიცირებული პროგრამისტების მოთხოვნას. ხოლო პროგრამისტების დეფიციტი იწვევს მათთვის ხელფასის მატებას. ამერიკელი პროგრამისტის მუშაობის ერთი საათი საშუალოდ 100-150 დოლარი ღირს საათში. ამასთან, კარგი პროგრამის დაწერა ერთნაირად შეუძლიათ როგორც ამერიკელ, ასევე ინდოელ, რუს და ქართველ პროგრამისტებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებ თანხებში. მაგალითად, იმავე სამუშაოსთვის ქართველი პროგრამისტის მთელი თვის ანაზღაურება საშუალოდ 300-დან 1000 აშშ დოლარამდე მერყეობს. კვალიფიციური კადრების უკმარისობის პრობლემა შეიძლება ორი გზით გადაწყდეს. პირველი - ქვეყანაში სულ უფრო მეტი ემიგრანტის შემოყვანით და მეორე -იმავე სამუშაოს შესასრულებლად შეკვეთების უცხოელი ფირმებისთვის მიცემით. სწორედ ეს უკანასკნელი პროცესი ატარებს ოფშორული პროგრამირების სახელს.

ამ შემთხვევაში ოფშორული პროგრამისტების გამოყენება გაცილებით იაფია, ვიდრე სპეციალისტების ექსპორტის მოხდენა. მომგებიანია ქვეყნისთვისაც, ვინაიდან ჯერ ერთი, ადამიანები დასაქმებულნი არიან და საზღვარგარეთ წასვლის ინტერესი ნაკლებია, ანუ აღარ ხდება ქვეყნიდან "ტვინების გადინება", და მეორე მხრივ, კომპანიები იხდიან გადასახადებს და ხარჯავენ თავიანთ მოგებას ადგილობრივ ბაზარზე. პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკელი მწარმოებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სხვა "იაფი" ქვეყნების ინტელექტუალურ რესურსებს. კომპანია Sand Hill Group-ის გამოკვლევის თანახმად, 2003 წელს პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკელი მწარმოებლების 60% პროექტების ნაწილს ათავსებს საზღვარგარეთ, ხოლო ამავე კომპანიის პროგნოზებით, წელს soft-ის გამომყენებელ ყოველ მერვე კომპანიას ეყოლება ოფშორული პარტნიორები.

ოფშორული პროგრამირება, ანუ უფრო ფართო გაგებით "აუტსორსინგი", დღეს საკმაოდ დინამიურად ვითარდება მთელ მსოფლიოში. ამ მხრივ ლიდერობს ინდოეთი, ჩინეთი, ისრაელი, ირლანდია. მნიშვნელოვან წარმატებებს ამ ბიზნესში მიაღწია რუსეთმა და უკრაინამ. რაც შეეხება საქართველოს, ოფშორული პროგრამირება აქ ჯერჯერობით უცხო ხილია. როგორც ქართველი სპეციალისტების უმეტესობა აღნიშნავს, საქართველო ამ სფეროში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე დგას. ამ საქმით დღეს მხოლოდ ათამდე კერძო ფირმა და სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებული სამეცნიერო ჯგუფი არის დაკავებული, თუმცა ისინი უმეტესად გრანტებზე მუშაობენ.

განვითარებადი ქვეყნებისთვის "აუტსორსინგი" ერთ-ერთ გამოსავალს წარმოადგენს და ქვეყანაში საკმაოდ სოლიდური ფინანსების მოზიდვას უწყობს ხელს. მაგალითად, ოფშორული პროგრამირების ბაზრის 75%-ს დღეს ინდოეთი იკავებს. აქ აუტსორსინგის გზით ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი შემოდის და ეს ციფრი სისტემატურად იზრდება. აღსანიშნავია ამ სფეროში ჩინეთის წარმატებებიც. ჩინეთის პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაციის (OECD) მონაცემებით, 2006 წლისთვის ჩინეთის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტი 26 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ხოლო ძნელი სათქმელია, თუ რა რაოდენობის კაპიტალი ტრიალებს დღეს ქართული ოფშორული პროგრამირების ბიზნესში. ეს სფერო არავის გამოუკვლევია, შესაბამისად ოფიციალურ მონაცემებზე საუბარი ზედმეტია. ორიენტაციისთვის შეგვიძლია მხოლოდ ამ დარგში მოღვაწე კომპანიების სავარაუდო მონაცემები მოვიყვანოთ. კომპანიების წარმომადგენელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ აუტსორსინგის გზით დღეს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი აშშ დოლარი შემოდის, თუმცა რამდენიმე კომპანიაში აცხადებენ, რომ ათეული ათასები მხოლოდ მათი კომპანიის მეშვეობით შემოდის, შესაბამისად, ოფშორულ პროგრამირებას საქართველოსთვის წელიწადში რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი მოაქვს. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ამ დარგში მილიარდები ტრიალებს, საქართველოში ათეულ ათასებზე საუბარი არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ჩვენში წლების განმავლობაში პრიორიტეტულ სფეროდ რესტორნებისა და სახინკლეების ბიზნესის განვითარება იყო აღიარებული (მართალია არაოფიციალურად, მაგრამ რეალურად), ინდოეთსა და ჩინეთში (და ასევე სხვა მრავალ ქვეყანაში) კი, IT სექტორის განვითარება სახელმწიფო რანგში იყო აყვანილი და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდა. ამ ქვეყნების სპეციალისტებზე კი მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მათთან უმსხვილესი კომპანიები თანამშრომლობენ. საქართველოს IT სექტორს თითქმის არავინ იცნობს და შესაბამისად, ქართველ პროგრამისტებზე მოთხოვნაც არ არის.

საქართველოში ოფშორულ პროგრამირებაზე ოფიციალურად ათამდე კომპანია მუშაობს. მაგალითად, კომპანიები: "Home Com Communication", "ITEX", "Connect World", "EMCOS", "სატექ", "კვანტუმ ჯგუფი", საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი "ITDC" და სხვა. თუმცა, როგორც ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი თამაზ ქაჩლიშვილი ვარაუდობს, რეალურად ამ სფეროში გაცილებით მეტი კომპანიაა ჩართული. მისი თქმით, ეს კომპანიები ოფიციალურად შეიძლება ტექნიკის შემოტანით ან სხვა რომელიმე საქმიანობით არიან დაკავებულნი, სინამდვილეში კი მრავალი მიმართულებით მუშაობენ. შესაბამისად რთული სათქმელია, რამდენად დინამიურად ვითარდება ბიზნესის ეს დარგი საქართველოში, მითუმეტეს, რომ თავად ეს კომპანიები ამჯობინებენ ჩუმად მუშაობას, რასაც იმით ხსნიან, რომ სახელმწიფოსგან უფრო არა ხელშეწყობას, არამედ ხელშეშლას ელიან.

აუტსორსინგზე მომუშავე კომპანიის შექმნას სულაც არ სჭირდება დიდძალი კაპიტალი. ამისთვის რამდენიმე პროგრამისტის გაერთიანება, ოფისის დაქირავება და ტექნიკითა და ნორმალური სამუშაო პირობებით მათი უზრუნველყოფაა საკმარისი. მთავარ პრობლემას ამ დროს შეკვეთების მიღება წარმოადგენს. ქართველ პროგრამისტებს დღეს მსოფლიოში ნაკლებად იცნობენ. შესაბამისად, მათზე მოთხოვნაც დიდი არ არის. უცხოურ კომპანიებთან დაკავშირება უმეტესად პირადი კონტაქტებით ხდება. საერთოდ, შეკვეთის მიმწოდებელ კომპანიაზე გასვლა მთელ მსოფლიოში სამი გზით არის შესაძლებელი. პირველი - პირადი კონტაქტები, მეორე - ინტერნეტი, და მესამე - რომელიმე სპეციალიზირებული კომპანიის მეშვეობით, რომელიც მედიატორის როლს ასრულებს. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს ქვეყანაში უფრო პირველი გზით შეკვეთების მოძიება დომინირებს. რაც შეეხება მეორე გზას, "ITDC"-ის წარმომადგენლის მამუკა მონავარდოსაშვილის თქმით, დღეს ინტერნეტით რომელიმე უცხოურ კომპანიასთან დაკავშირება ფაქტიურად არარეალურია. იყო ამის რამდენიმე მცდელობა, თუმცა საბოლოოდ ყველა მოლაპარაკება ჩაიშალა. "კვანტუმ ჯგუფის" წარმომადგენლის გიორგი გოთოშიას აზრით, საქართველოში შეკვეთების უფრო ორგანიზებულად შემოსასვლელად საჭიროა აქ მუშაობის ინტერესი გაუჩნდეს ისეთ კომპანიას, რომელიც შემკვეთსა და შეკვეთის შემსრულებელს შორის მედიატორის როლს შეასრულებს, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა ასეთი კომპანიების ინტერესთა სფეროში არ შედის.

საქართველოში შეკვეთების მომწოდებლები უმეტესად წვრილი უცხოური ფირმები არიან. ქართველ პროგრამისტებთან მათი ურთიერთობა, ძირითადად, ერთჯერად ხასიათს ატარებს და რამდენიმე კვირას არ აღემატება. თუმცა ზოგიერთ კომპანიაში, მაგალითად, "Connect World"-ში აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე ერთ წლიანი პროექტიც ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, ასეთი შემთხვევები იშვიათია. საქართველოში დღეს ადგილობრივ ოფშორულ კომპანიებთან შეკვეთის მომწოდებელი არც ერთი მსხვილი უცხოური კომპანია არ თანამშრომლობს. გამონაკლისია მხოლოდ ორი ქართული ჯგუფი. პირველი, კომპანია "EMCOS", რომელიც კონკრეტულად სამანქანო ინდუსტრიაში მოღვაწეობს და მსოფლიოში განთქმულ კომპანიებთან "AUDI"-თან და "Volkswagen"-თან თანამშრომლობს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებით ელექტროდინამიკის ლაბორატორია, რომელიც კომპანია "Motorola"-თან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიასთან დაკავშირებაც ლაბორატორიის ხელმძღვანელის რეზო ზარიძის ძალისხმევით, ისევდაისევ პირადი კონტაქტების მეშვეობით მოხერხდა. რაც შეეხება სხვა პროექტებს, როგორც აღნიშნული ლაბორატორია, ასევე ამ სფეროში მომუშავე კომპანიების უმეტესობა შეკვეთებს გრანტების მეშვეობით ღებულობს. მსოფლიოს სხვადასხვა ფონდები აფინანსებენ მშვიდობის სფეროში მომუშავე ქართველ მეცნიერებს. ამ ფონდების მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ მოწყვიტონ იარაღის წარმოებაზე მომუშავე ქართველი მეცნიერები ამ სფეროს და არ დაუშვან მათი წასვლა "მესამე" ქვეყნებში. გრანტები დღეს ქართული ოფშორული ფირმების პროექტების დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს.

საქართველოში აუტსორსინგის განვითარების რამდენიმე ხელისშემშლელი პირობა არსებობს. ერთ-ერთი თავად ქართველი პროგრამისტების არაორგანიზებულობაა. სპეციალისტების აზრით, ქართველ პროგრამისტებს დღეს არა აქვთ შემუშავებული მუშაობის ისეთი კულტურა, როგორი მოთხოვნაც არის საზღვარგარეთ. ხშირია შემთხვევები, როცა შეკვეთა დანიშნულ დროს არ სრულდება, ეს კი ყოველთვის წარმოშობს უთანხმოებას შემკვეთთან და, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ავტორიტეტზე. მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან ფაქტიურად არ არსებობს დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მაღალკვალიფიციური პროგრამისტის მომზადება. ქართველი პროგრამისტების უმეტესობა თვითნასწავლი სპეციალისტები არიან. ეს კი ის პრობლემაა, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს სახელმწიფოს ჩარევასა და მხარდაჭერას. კომპანია "ITEX"-ის წარმომადგენელი დავით ნადარაია მიიჩნევს, რომ თუ უახლოეს მომავალში სახელმწიფო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგავს, IT სექტორი საქართველოში არა თუ განვითარდება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.

ქვეყანაში ოფშორული პროგრამირების განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო პოლიტიკას. დადებითი საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის მიმზიდველი იმიჯის შექმნა, საგანმანათლებლო სფეროში რეფორმების განხორციელება და გარკვეული ეკონომიკური მექანიზმის შემუშავება, რომელიც საქართველოში IT სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს - ეს ის საკითხებია, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ, თუმცა როგორც ქართველი IT სპეციალისტები მიიიჩნევენ, ეს რეაგირება იგვიანებს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებას. თუმცა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი თამაზ ქაჩლიშვილი აცხადებს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამ სფეროს მეტი ყურადღება დაეთმობა.

წყარო: გაზეთი ნავიგატორი

ძიება საიტზე
 
 
ვებ სტუდია გამოირჩევა ინოვაციური იდეებით, რომლებსაც უანგაროდ უზიარებენ საკუთარ პარტნიორებსა და კლიენტებს.

ნიკო კულულაშვილი
ტურისტული კომპანია ეგზოტური