საუკეთესო ქართული ინტერნეტ საიტების კონკურსი 2006!

 

2006 წლის 15 მაისიდან, საუკეთესო ქართული ინტერნეტ-საიტების გამოსავლენად ყოველწლიურ კონკურსს ეყრება საფუძველი. ღონისძიებისთვის მისი ორგანიზატორების გაზეთ "ნავიგატორისა" და სტუდია ITDC-ის მიერ, შემდეგი  ნომინაციები განისაზღვრა: საინფორმაციო რესურსები,  კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსები, გასართობი და საკომუნიკაციო რესურსები, კორპორატიული რესურსები, საბავშვო რესურსები, ელექტრონული სერვისები და კომერცია, ინოვაციური რესურსები, სახელმწიფო, არასამთავრობო და რეგიონალური რესურსები. მომავალში ნომინაციებში შეიძლება მობილური მომხმარებლებისათვის გათვალისწინებული საიტებიც მოხვდეს. სპეციალურად კონკურსისათვის შექმნილია ვებ-გვერდი www.TOPSITE.ge, სადაც, 15 მაისიდან 11 ივნისამდე, კონკურსში მონაწილეებმა  საკუთარი საიტი უნდა დაარეგისტრირონ. სპეცილური ჟიური გამარჯვებულებს 20 ივნისს გამოავლენს. ღონისძიების გენერალური სპონსორია კომპანია "მაგთიკომი", ხოლო ოქროს სპონსორი  Georgia Online. რატომ გაჩნდა საქართველოში ინტერნეტ-საიტების კონკურსის აუცილებლობა და ვინ და რა კრიტერიუმებით შეაფასებს გამარჯვებულებს, აღნიშნულ საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს გაზეთ "ნავიგატორის" რედაქტორთან ირაკლი ქაშიბაძესთან, სტუდია ITDC-ის დირექტორთან მამუკა მონავარდისაშვილთან, "მაგთიკომის" ახალი პროექტების განყოფილების სპეციალისტთან  შოთა მეგრელიშვილთან და Georgia Online-ის გენერალურ დირექტორთან  მერაბ ბუზალაძესთან 

როდის გაჩნდა საუკეთესო ქართული ინტერნეტ-საიტების გამოსავლენად ყოველწლიური კონკურსის ჩატარების იდეა?

ირაკლი ქაშიბაძე, გაზეთ "ნავიგატორის" რედაქტორი-კონკურსის იდეა საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. ქართული ინტერნეტი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია, მე ვგულისხმობ ქართულ კონტენტს. მეორეს მხრივ, ინტერნეტის ფიზიკური და ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ კარგად  მიმდინარეობს. საქართველოში  უკვე ბევრი DSL მომხმარებელია, რამდენიმე ხანში გაჩნდება მესამე თაობის მობილური კავშირგაბმულობის სისტემები და შესაბამისად, მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტის პრეცენდენტი საქართველოში. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მთელს მსოფლიოში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად არანაკლები ყურადღება კონტენტის განვითარებასაც ეთმობა. კონტენტის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე, ქვეყნის იმიჯზე, გამჭვირვალობაზე, დემოკრატიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ამასთან, როდესაც ქართული ინტერნეტი განვითარებულია საინიციატივო ჯგუფებს საერთაშორისო მნიშვნელობის საიტების შექმნის სურვილი და შესაძლებლობაც გაუჩნდებათ. დღეისათვის  ინტერნეტი  წარმოადგენს ყველაზე იაფ და ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს ევროპულ და სხვა ქვეყნების ბაზარზე გასასვლელად, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვის, ინვესტორების და ტურისტების მოსაზიდათ.კონკურსის ჩატარება უფრო ადრე გვინდოდა, მაგრამ გარკვეული გარემოების გამო ვერ ჩავატარეთ. რთულია კომერციული კომპანიები ასეთი კონკურსის მნიშვნელობაში დაარწმუნო. ძალიან ცოტა კომპანია ათვიცნობიერებს ამ კონკურსის მნიშვნელობასა და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა. ის ხომ შედეგს უშუალოდ მათ მოუტანს და რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც.

მამუკა მონავარდისაშვილი, ITDC-ის დირექტორი-იდეა საკმაოდ ძველია. ერთი წლის წინ გაზეთ "ნავიგატორთან" ერთად ჩავატარეთ "ახალგაზრდა ვებ-დიზაინერთა კონკურსი", რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამან გვიბიძგა იმისაკენ, რომ წელს უკვე ფართომასშტაბიანი ინტერნეტკონკურსი  ჩაგვეტარებინა, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებდა. ვფიქრობთ, რომ საზოგადოება უკვე მზადაა ასეთი ღონიძიებებისათვის და სათანადოდ ქართული ინტერნეტის განვითარების დონეც იმ ეტაპზეა, როდესაც მას ზუსტად ასეთი ტიპის ღონისძიებებით სჭირდება ხელშეწყობა.

რა არის კონკურსის მთავარი მიზანი?

ი. ქაშიბაძე-ამ კონკურსს აქვს როგორც ლოკალური, ისე გლობალური მიზანი. ჩვენი მიზანია შანსი  მივცეთ  ქართველ ნიჭიერ პროგრამისტებს, შემოქმედებით ადამიანებს წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი. კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება. პირველი კონკურსი ეს არის პროცესის დასაწყისი, შემდეგ წელს იქნება გაცილებით უფრო დიდი პრიზები და გაცილებით მეტი კომპანია იქნება ჩართული ამ პროცესში სპონსორების სახით.

მ. მონავარდისაშვილი-ინტერნეტი ჩვენს ლექსიკაში მეტად გამოყენებადი სიტყვა გახდა. ყველა ჩვენგანისთვის იგი გაიგივებულია იმ უამრავ ინფორმაციასთან, რომელთანაც შეხება შეგვიძლია მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით. თუმცა, სამწუხაროდ, იმ ზღვა ინფორმაციაში ქართული ინფორმაციის წილი ძალიან მწირია. ინტერნეტი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ქართული ბიზნესის, მეცნიერების, კულტურის პოპულარიზაციისა, ამ შანსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. დღეს თითებზე ჩამოსათვლელია ვებრესურსები, რომლებიც ინფორმაციული ღირებულებით, თუნდაც საშუალოდ განვითარებული ქვეყნის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ჩვენ გვესმის ის სიძნელეები, რომლებიც ამ პროცესების განვითარების სასურველ ტემპებს ხელს უშლის. პირველ რიგში, ჩვენის აზრით, მცირეა ის ეკონომიკური მოტივაცია, რომელიც ამ საქმით დაკავებულ ცალკეულ პირებსა თუ ორგანიზაციებს გააჩნიათ. არ არსებობს განვითარებული ინფრასტრუქტურა, არ არის გათვითცნობიერებული ინტერნეტრეკლამის განუსაზღვრელი შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, გაჩნდეს დამატებითი მოტივაცია ახალგაზრდა, ან თუნდაც გამოცდილი ინტერნეტ რესურსების მწარმოებლებისათვის ერთგვარი შეჯიბრებობითობის დანერგვით, რათა ხელი შევუწყოთ ორიგინალური ქართული ინტერნეტ რესურსების ზრდას. ჩვენ გვინდა, რომ ამ კონკურსის მეშვეობით ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა და  კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ შემდგომში ქართული ინტერნეტისადმი მთლიანად საზოგადოების და არამხოლოდ პროფესიონალების მიდგომას. ჩვენ გვინდა, რომ დაფასდეს ადამიანების შრომა, შემოქმედება ამ სფეროში. გვინდა, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ მათ ნამუშევრებს.

ვისზეა გათვლილი კონკურსი?

მ. მონავარდისაშვილი-ნომინაციათა ჩამონათვალი უკვე გვაძლევს იმის სურათს, რომ კონკურსი ფართო სეგმენტზეა  გათვლილი. ვგულისხმობ იმას, რომ ნომინაციებში წარმოდგენილი რესურსები ორიენტირებულია საზოგადების ყველა ფენასა და სეგმენტზე. მთავარია, რესურსი იყოს ქართულენოვანი ან იყოს წარმოებული საქართველოში და ეხებოდეს საქართველოს.

დაგვისახელეთ ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ვებ-გვერდები შეფასდება

ი. ქაშიბაძე-ჩვენ დიზაინი მეორე პლანზე გადავწიეთ. შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება ინფორმაცია და მომსახურება, ანუ რამდენად დინამიურია საიტი, რამდენად საინტერესო იდეაა, რამდენად საინტერესო მომსახურებაა და ა.შ. ჩვენი  დიდი სურვილია, რომ მაქსიმალურად სასარგებლო საიტები გამოვლინდეს.

ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს, ვინ იქნება ჟიურის შემადგენლობაში?

ი. ქაშიბაძე-გარწმუნებთ, რომ ეს არის  პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური, რომელსაც გარკვეულწილად  შეხება აქვს კრეატივთან, რეკლამასთან, ინტერნეტ პროექტებთან, პროგრამირებასთან. ჟიურის შემადგენლობაში  უცხოელი ექსპერტიც გვეყოლება, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ინტერნეტ-პროექტებში და იცის, თუ როგორ ვითარდებოდა იგი ამერიკასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მიუკერძოებელი იყოს, კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ITDC ჟიურის შემადგენლობაში არ იქნება.

მ. მონავარდისაშვილი-ჟიურის შემადგენლობა ჯერჯერობით, გარკვეული მიზეზების გამო, არ ცხადდება, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იგი პროპორციულად არის დაკომპლექტებული IT ექსპერტების, მედიის წარმომადგენლების, საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონკურსის ჟიურის მუშაობა ძალზე რთული და ხანგრძლივი იქნება, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული სწორედ ამ ჟიურის მუშაობაზე, იმდენად რამდენადაც პრაქტიკულად პირველად უნდა განისაზღვროს ქართული ინტერნეტ რესურსების შეფასებისადმი პრაქტიკული მიდგომები. ქართული რესურსების შეფასებისას ასევე გათვალისწინებული იქნება სახალხო სიმპათიის ფაქტორიც, რომელიც სპეციალური არაკომერციული (6 თეთრიანი ღირებულების) sms კენჭისყრით იქნება უზრუნველყოფილი.

როგორია კონკურსის საპრიზო ფონდი?

ი. ქაშიბაძე-საპრიზო ფონდი არის საკმაოდ მაღალი. თითოეულ კატეგორიაში იქნება სამი გამარჯვებული, გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი. ყველა მათგანი დაჯილდოვდება პრიზებით. იქნება ფულადი პრიზები, უფასო სატელეფონო ნომრები და სასაუბრო დრო, რომელსაც "მაგთიკომი" აწესებს, ასევე უფასო DSL შეერთება ნახევარი წლით Georgia Online-გან და ა.შ.. 

გვესაუბრეთ საიტის www.TOPSITE.ge შესახებ, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის შეიქმნა

მ. მონავარდისაშვილი-ეს საიტი წარმოადგენს მთავარ ონლაინ ინსტრუმენტს კონკურსის წარმატებული ფუნქციონირებისა. ამ საიტის მეშვეობით ხდება კონკურსის მონაწილეთა ონლაინ რეგისტრაცია, საიტზე სრულად არის წარმოდგენილი ის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება კონკურსანტს სწორად განსაზღვროს ნომინაცია, რომელშიც მას სურს მონაწილეობა. ვებ-საიტი მოწოდებულია უზრუნველყოს კონკურსის მსვლელობის ყველა ეტაპის გამჭვირვალობა. მთელი კონკურსის მსვლელობისას საიტზე იფუნქციონირებს სპეციალური ფორუმი, რომელიც მთლიანად კონკურსის მიმდინარეობასა და ნომინანტთა ნამუშევრების ირგვლივ დისკუსიის უწყვეტობას უზრუნველყოფს. საიტზე განთავსდება სპეციალური ბანერის კოდები, რომლებიც უნდა განათავსონ კონკურსში მონაწილე საიტებმა, რათა შემდგომში მოხდეს ხმის მიცემის პროცედურები სახალხო მხარდაჭერის გამოსავლენად. ეს ყველაფერი განმარტებული იქნება საიტზე დეტალურად.

ჩვენი მკითხველისთვის კონკურსის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია რომ მიგვეწოდებინა, გადავწყვიტეთ ღონისძიების სპონსორებსაც გავსაუბრებოდით. ამ შემთხვევაში ჩვენთვის  განსაკუთრებით საინტერესო იყო,  თუ რამ განაპირობა მათი დაინტერესება აღნიშნული კონკურსი

შოთა მეგრელიშვილი, "მაგთიკომის" ახალი პროექტების განყოფილების სპეციალისტი-ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პროექტი არის ძალიან საინტერესო, პერსპექტიული და საჭირო საქართველოსთვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ აუცილებლად მიგვეღო მონაწილეობა და ამ პროექტისათვის გასაქანი მიგვეცა. კონკურსში მონაწილეებს "მაგთიკომი" აჯილდოვებს 6  კატეგორიაში, გარდა სამთავრობო და კორპორატიული კატეგორიისა.  აქედან 6კატეგორიას ერგება ფულადი პრიზები, რომელსაც "მაგთიკომი" დააწესებს. გარდა ამისა, ჟიურის წევრებს შორის ორი "მაგთიკომის" წარმომადგენელი იქნება.

მერაბ ბუზალაძე Georgia Online-ის გენერალური დირექტორი-კონკურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც საქართველოში ვებ-სივრცის განვითარება ჩამორჩება, ის სასურველზე ნაკლებია და ჩვენი სურვილია როგორმე დავეხმაროთ ამ სფეროს განვითარებას. ვფიქრობ, კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს ამ სფეროში მოღვაწეობის სტიმული მისცეს, რათა მათ გააკეთონ უფრო ბევრი და უფრო კარგი ვებ-გვერდები.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი იქნება დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?

შ. მეგრელიშვილი-იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დიდი ხანია არ ჩატარებულა ინტერნეტ-კონკურსი და როდესაც ასეთი კონკურსი ტარდებოდა  იყო დიდი ინტერესი, მოვიდა დრო, რომ შემდგომ განვითარებას მივცეთ ბიძგი. ჩავატაროთ ეს ინტერნეტ-კონკურსი, რომელსაც, ჩემი აზრით, ექნება დიდი გამოხმაურება, იქნება ფულადი პრემიები და კატეგორიების საკმაოდ ფართო სპექტრი. შესაბამისად, ყველანაირი დანიშნულების ვებ-გვერდებს გზა აქვთ ხსნილი იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ და გაიმარჯვონ.

მ. ბუზალაძე-მე  ვფიქრობ, რომ დაინტერესება უფრო დიდი იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო და შესაბამისად, ამ საქმეში პროგრესსაც ველოდებით. ვიმედოვნებ, ინტერესი გაიზრდება.

წყარო: გაზეთი ნავიგატორი

 
 
კომპანიის ახალგაზრდა თანამშრომლები ნამდვილი პროფესიონალები არიან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ-გვერდი შეუფერხებლად მუშაობს და ეს რა თქმა უნდა ITDC –ს დამსახურებაა.

ნინო ღუდუშაური
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში