კომპანიების სიახლეები “GeorgiaTel 2006”-ზე

 

26-28 აპრილს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" პარალელურად ორი გამოფენა: ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მე-3 საერთაშორისო გამოფენა "GeorgiaTel 2006" და ბეჭდვის, რეკლამის და მედიის მე-2 საერთაშორისო გამოფენა "GePrintMedia 2006" გაიმართა. მსგავსი გამოფენები თბილისში უკვე ტრადიციულად წელიწადში ორჯერ, გაზაფხულsa და შემოდგომაზე ტარდება და უმეტეს შემთხვევაში დარგის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. საქართველოში "GeorgiaTel" უკვე მესამედ ტარდება. მისი ორგანიზატორია კომპანია "Iteca Kavkasia", რომელიც წარმოადგენს ამ სფეროში უმსხვილესი ბრიტანული კომპანიის "ITE Group PLC"-ს ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში.

მსგავსი თემატური გამოფენების წარმატება იმით არის განპირობებული, რომ მათ ძირითადად პროფესიონალი დამთვალიერებლები სტუმრობენ და, შესაბამისად, კომპანიას მეტი შანსი აქვს მოიზიდოს პოტენციური მყიდველი ან მომავალი პარტნიორი. დამთვალიერებლისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე ბაზრის კონკრეტული სეგმენტი მაქსიმალურად ფართოდ იყოს წარმოდგენილი. წლევანდელ გამოფენას კი სწორედ ეს აკლდა. ორივე გამოფენა ერთ დარბაზში ტარდებოდა, სადაც "GeorgiaTel 2006"-ს მხოლოდ 12 სტენდი ჰქონდა დაკავებული. ბევრი სექტორი, რომელიც შედიოდა გამოფენის თემატიკაში, საერთოდ არ იყო მოცული. მაგალითად, გამოფენაზე არ იყო წარმოდგენილი არც ერთი პროვაიდერი, არც ერთი ადგილობრივი ოპერატორი, საერთაშორისო ოპერატორებიდან კი გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ ერთადერთი კომპანია იღებდა. ასევე "GeorgiaTel 2006"-ში მონაწილეობას ერთადერთი ქართული კომპიუტერული კომპანია - "Esabi" იღებდა, თუმცა მასაც ძირითადი აქცენტი არა კომპიუტერულ ტექნიკაზე, არამედ საბეჭდ მოწყობილობებზე ჰქონდა გადატანილი.

მონაწილეთა ასეთი სიმცირე კი მეტყველებს იმაზე, რომ "Iteca Kavkasia"-ს მიერ ჩატარებული გამოფენები კომპანიებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება. ეს კი პირველ რიგში, განსაკუთრებით დიდი ფასებით არის გამოწვეული. ყოველწლიურად გამოფენას მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი აკლდება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს, ასეთი ღონისძიება აღარ ჩატარდება. 

ამასთან, თუ ერთის მხრივ, გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების სიმცირით უკმაყოფილებას დამთვალიერებლები გამოთქვამდნენ, მეორეს მხრივ, მონაწილე კომპანიები დამთვალიერებელთა სიმცირეს უჩიოდნენ. თუმცა ეს იყო ერთადერთი პრეტენზია, რომელიც ორგანიზატორების მისამართით გამოითქმოდა. სხვა მხრივ, კი მონაწილეები "GeorgiaTel 2006"-ის ორგანიზაციით და პირობებით კმაყოფილები იყვნენ. მით უმეტეს, რომ გამოფენაზე რამდენიმე საინტერესო სიახლე იყო წარმოდგენილი. წინა წლებისგან განსხვავებით, მონაწილეებმა ბევრად დახვეწეს სტენდების დიზაინი, ჩატარდა ახალი ტექნოლოგიების და სერვისების პრეზენტაცია და ანონსირება. ასევე გამოფენის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა და მოეწყო რამდენიმე ვიქტორინა.

წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობას ორივე ქართული ფიჭური კომპანია: "მაგთიკომი" და "ჯეოსელი" იღებდა. ამასთან, "ჯეოსელი" ასეთი გამოფენების მუდმივი მონაწილეა და ყოველწლიურად ის როგორც სტენდის დიზაინით, ასევე ჩატარებული ღონისძიებებით გამოირჩევა. ტრადიციულად, გამოფენის სამივე დღის მანძილზე კომპანია ატარებდა ვიქტორინებს და გამარჯვებულებს ლაი-ლაი და ასტრა ბარათებით ასაჩუქრებდა. გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში კომპანიამ თავისი ახალი  ტექნოლოგიის - EDGE პრეზენტაცია მოაწყო. ამ ტექნოლოგიით არსებულ GSM ქსელში მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე მიიღწევა და 236 კბ/წმ-მდე აღწევს, რაც დაახლოებით, სამჯერ აღემატება GPRS ტექმოლოგიის სიჩქარეს. გარდა ამისა, კომპანიას მომზადებული ჰქონდა სხვადასხვა სერვისის პრეზენტაციები, რომელთა ნახვაც სტუმრებს კომპანიის სტენდთან ინდივიდუალურად შეეძლოთ.

"ჯეოსელისგან" განსხვავებით "მაგთიკომმა" წელს გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ გურგენიძემ აღნიშნა, ძალიან მალე კომპანია თავის ქსელში მესამე თაობის სერვისებს დანერგავს. ამ გამოფენაზე კი სწორედ ამისი ანონსირება მოხდა. 3G ლიცენზია "მაგთიკომმა" გასული წლის 5 აგვისტოს იყიდა და კანონის თანახმად, ამ სიხშირეზე პრაქტიკული საქმიანობა ერთი წლის მანძილზე, ანუ 2006 წლის 5 აგვისტომდე უნდა დაიწყოს. თუმცა ზურაბ გურგენიძის თქმით, მესამე თაობის სერვისების დანერგვა ამ დროზე ბევრად უფრო ადრე მოხდება. კომპანიამ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელა და ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს აპარატურის ტესტირება. პირველი სერვისები კი რასაც "მაგთიკომი" თავის აბონენტებს შესთავაზებს იქნება: მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 384 კბ/წმ-ს აღწევს და ვიდეოზარის და ვიდეოსტრიმინგის სერვისები.

მსგავს გამოფენაში მონაწილეობა უკვე მეორედ საქართველოში Nokia-ს ოფიციალურმა დისტრიბუტორმა მიიღო. სავაჭრო სახლმა "ჭ. გოლეთიანი", რომელიც Nokia-ს ოფიციალურ პარტნიორს წარმოადგენს, პირველად მონაწილეობა "ElComCaucasus 2005"-ში მიიღო. "GeorgiaTel 2006"-ზე კომპანიამ Nokia-ს უახლესი ტელეფონები წარმოადგინა. მათ შორის იყო ის მოდელებიც, რომელთა პრეზენტაციაც Nokia-მ ცოტა ხნის წინ მოახდინა, თუმცა გაყიდვაში ეს ტელეფონები ჯერ არ შემოსულა. ეს იყო ძირითადად, სმარტფონების ახალი სერია. მაგალითად, N80, N71 მოდელის ტელეფონები. ეს აპარატები კი განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ ყველა მათგანს მესამე თაობის ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს.

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარს გამოფენაზე კიდევ ერთი კომპანია "საქართველოს ტელეკომი" წარმოადგენდა. ეს იყო ერთადერთი საერთაშორისო ოპერატორი, რომელიც იღებდა მონაწილეობას გამოფენაში. კომპანია საიმიჯო მხარით იყო წარმოდგენილი და დამთვალიერებლებს თავის სერვისებს აცნობდა.

წელს, მეორედ გამოფენაში მონაწილეობა ისრაელის კომპანიის "Gilat Satellite Networks"-ის წარმომადგენლობამ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მიიღო. ეს კომპანია ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს სთავაზობს დისტანციური ტექნოლოგიების, თანამგზავრული კავშირების ქსელის მეშვეობით მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიებს. "GeorgiaTel 2006"-ზე კომპანიამ თავისი ახალი ტექნოლოგია წარმოადგინა, რომელიც ერთი სისტემის ფარგლებში ნებისმიერი სახის პროგრამის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. კომპანიის გენერალური დირექტორის გულნარა ირგალიევას თქმით, საქართველოში პარტნიორები მათ ჯერ აქ ჰყავთ, თუმცა ქართული ბაზრით ძალიან დაინტერესებულები არიან და უკვე დაგეგმეს რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში.

ასეთი გამოფენების ერთ-ერთი მუდმივი მონაწილე არის კომპანია "Esabi"-ც, რომელიც "GeorgiaTel 2006"-ზე ქართული კომპიუტერული სექტორის ერთადერთი წარმომადგენელი იყო. გამოფენაზე კომპანიას გამოტანილი ჰქონდა HP-ის და Xerox-ის პრინტერები, Acer-ის ნოუთბუქები, HP-ის დესკტოპები და ფოტოაპარატები. კომპანიის სტენდთან მოსულებს შეეძლოთ იქვე გასცნობოდნენ ამ ტექნიკის მახასიათებლებს და პრაქტიკულადაც ენახათ, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის აპარატურა.

გამოფენის კიდევ ერთი უცხოური მონაწილე სომხეთიდან "Scancode"-ის პარტნიორი და დილერი კომპანია იყო. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს შტრიხ-კოდური, მაგნიტური და რადიოსიხშირის მოწყობილობების, სამუშაო დროის აღრიცხვის და სავაჭრო მოწყობილობების, ასევე შტრიხ-კოდების სკანერების და პრინტერების დისტიბუცია და პლასტიკური ბარათების ბეჭდვა და პროგრამირება. საქართველოში პარტნიორები ამ კომპანიას ჯერ არ ჰყავს და ეს, ფაქტიურად, ქათულ ბაზარზე მისი პირველი გამოსვლა იყო.

პირველად გამოფენაში ასევე წელს მონაწილეობა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა "ITDC"-მ მიიღო. ცენტრის დირექტორის მამუკა მონავარდისაშვილის თქმით, ვინაიდან ქართული მხარე IT ინდუსტრიაში ისედაც ძალიან პატარაა და კომპანიების უმეტესობა, ძირითადად, უცხოურ ტექნოლოგიებზე არის დამყარებული, ასეთ ღონისძიებებზე ქართული სეგმენტის მაქსიმალური წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი არის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ "ITDC"-იმ წელს გამოფენაში მონაწილეობა გადაწყვიტა. "GeorgiaTel 2006"-ზე ცენტრმა თავისი ორი ახალი პროდუქტი: მობილური სერვისები -SMS-გაცნობა, MMS-ალბომი, Wap Message Box და კონტენტის მართვის სისტემა წარმოადგინა, რომლის ბაზაზეც ცენტრი თავის კლიენტებს ვებ-დიზაინს სთავაზობს.

გამოფენაში ასევე მონაწილეობა ორმა კომპანიამ დუბაიდან მიიღო. ესენი არიან: "AL NOORI Computers" და "Daisytek Computers". "AL NOORI Computers" HP-ის, Canon-ის, Lexmark-ის, Epson-ის, Acer-ის, Dell-ის, Compaq-ის და სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების ბრენდების საბითუმო ვაჭრობას ეწევა. გარდა ამისა, კომპანიას დაარსებული აქვს თავისი სავაჭრო მარკა STALLION და ის მაუსების, აქსესუარების, კლავიატურების, UPS-ების და სხვა ტექნიკის ვაჭრობით არის დაკავებული. ხოლო რაც შეეხება "Daisytek Computers", ის ასევე ვაჭრობს HP-ის, Canon-ის, Epson-ის, Lexmark-ის, Samsung-ის და Sony-ს პროდუქციით. "GeorgiaTel 2006"-ზე ორივე კომპანიამ თავისი საქმიანობის მიმართულებები წარმოადგინა.

სხვათა შორის, Sony-ს პროფესიონალურ პროდუქციას გამოფენაზე კიდევ ერთი კომპანია "ვიდეოსკოპი" წარმოადგენდა. ეს არის სრულიად ახალი ქართული კომპანია, რომელიც გასული წლის ბოლოს დაარსდა და საქართველოში Sony-ს ოფიციალურ წარმომადგენელს წარმოადგენს. კომპანია მხოლოდ პროფესიონალურ აუდიო-ვიდეო აპარატურაზეა ორიენტირებული, თუმცა Sony-ს გარდა, ის ასევე Panasonic-ის და სხვა კომპანიების ტექნიკითაც ვაჭრობს. როგორც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა დათო ლაშხმა აღნიშნა, ეს კომპანია ახალი დაარსებულია და "GeorgiaTel 2006" არის მისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა მიაწოდოს ინფორმაცია პოტენციურ კლიენტებს თავისი საქმიანობის შესახებ. გამოფენაზე "ვიდეოსკოპმა" Sony-ს ახალი ვიდეო კამერა წარმოადგინა, რომლის მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ინფორმაციის ჩაწერა აქ ხდება არა კასეტაზე, არამედ 23 გიგაბაიტიან ოპტიკურ დისკზე, რაც ბევრად ამაღლებს ჩაწერის ხარისხს და ოპერატიულ მუშაობას უზრუნველყოფს.

სხვათა შორის, როგორც Sony-ს მოსკოვის წარმომადგენლობის მენეჯერმა ანდრეი კოსოვმა გაზეთ "ნავიგატორთან" საუბარში აღნიშნა, აქამდე Sony-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არ ჰყოლია. "ვიდეოსკოპის" გაჩენა კი სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი აპარატურის მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, კომპანიის ინტერესებსაც პასუხობს და აქ ბიზნესის განვითარებისკენ უბიძგებს. სწორედ ამის გამო, უახლოეს მომავალში Sony გეგმავს საქართველოში ავტორიზირებული სერვის ცენტრის გახსნასაც. ანდრეი კოსოვის თქმით, ჯერ არ არის ზუსტად ცნობილი თარიღი, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ Sony-ს სერვის ცენტრი თბილისში უკვე წელს გაიხსნას.

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ფონდი "ირმის ნახტომი" იყო. გამოფენაზე ფონდმა თავისი პროგრამის პრეზენტაცია მოახდინა და დამთვალიერებლებს ის ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო, რომლებსაც ის სკოლებში ნერგავს. "ირმის ნახტომის" სტენდზე წარმოდგენილი იყო ის კომპიუტერები, რომელთა მიწოდებაც ამჟამად მიმდინარეობს სკოლებისთვის. ასევე სტუმრებს შეეძლოთ გასცნობოდნენ სკოლებისთვის განკუთვნილი პროგრამული პაკეტის გაქართულების მიმდინარეობას და დაეთვალიერებინათ ამ ეტაპისთვის უკვე გაქართულებული კომპონენტები.

სხვათაშორის, სწორედ "ირმის ნახტომი" გახდა ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე იმ კონფერენციის, რომელიც 27 აპრილს "GeorgiaTel 2006"-ის ფარგლებში ჩატარდა. კონფერენცია, რომლის მთავარი სპონსორი კორპორაცია ZTE იყო, როგორც ICT სექტორის განვითარებას, ასევე განათლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური განვითარების და განათლების სამინისტროების, მარეგულირებელი კომისიის, UNDP-ს, "მაგთიკომის", "გაერთიანებული ტელეკომის", "Gilat Satellite Networks"-ის და "ორიენტ ლოჯიკის" წარმომადგენლებმა. სხვათა შორის, გამოფენას ოფიციალურ მხარდაჭერას ეკონომიკის სამინისტრო, მარეგულირებელი კომისია და UNDP უწევდა.

ICT სექტორში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის აქტიური მონაწილე ასევე გაზეთი "ნავიგატორიც" არის. ის ამ სექტორში ჩატარებული გამოფენების მუდმივი მონაწილეა. თავისი სტენდი "ნავიგატორს" "GeorgiaTel 2006"-ზეც ჰქონდა. სამი დღის მანძილზე გამოფენის დამთვალიერებლებს გაზეთის ფასდაკლებით გამოწერის და სიახლეების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

წყარო: გაზეთი ნავიგატორი

ძიება საიტზე
 
 
ITDC _ს მივმართეთ ბანკისთვის ახალი ვებ-საიტის დამზადებისთვის.კომპანიამ ოპერატიულად და პროფესიონალურად შეასრულა დაკისრებული სამუშაო.

გიორგი გოგუა
სს ბანკი "კონსტანტა"