მალე- ეროვნული ინტერნეტ კონკურსი 2007!

 

ინტერნეტით საქართველოში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი სარგებლობს. მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ცნება "ინტერნეტით სარგებლობა" საქართველოში გარკვეულწილად დეგრადირებულია. ამ პროცესს თავისი გამომწვევი მიზეზებიც აქვს. ქართულ ინტერნეტში საინტერესო ელექტრონული პროექტების რაოდენობა სავალალოა. ბევრი საინტერესო კონტენტ პროექტი ყურადღების გარეშე რჩება, ათასობით "ვარეზულ" საიტს შორის კარგი პროექტის აღმოჩენა რთულია. საინტერესო კონტენტ პროექტების განუვითარებლობის  კიდევ ერთ მიზეზს  ბიზნეს სექტორის მხრიდან არასათანადო ყურადღება წარმოადგენს და ეს მაშინ, როცა ის   კონტენტ პროექტების ზრდის მთავარი საშუალება უნდა იყოს. ქართულ კონტენტ პროექტებს  სტიმული, ხოლო ბიზნეს სექტორს იმის გათვიცნობიერება სჭირდება, რომ ფულის ჩადება ელექტრონულ პროექტებში მას საკმაოდ დიდ მოგებას მოუტანს. უკვე მეორედ საქართველოში, საგამომცემლო სახლი "ნავიგატორი", "მაგთიკომი" და ვებ-დიზაინ სტუდია ITDC, საუკეთესო ქართული ინტერნეტ-საიტების გამოსავლენად, კონკურს ჩაატარებს. წლევანდელმა კონკურსმა  ქართულ ინტერნეტში, მისი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა მოახდინოს. მასშტაბური  ღონისძიება, რომლის გენერალური სპონსორიც კომპანია "მაგთიკომია", ქართული ინტერნეტის ახალი, საინტერესო საიტებით გამდიდრებას ისახავს მიზნად.  ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, წელს ღონისძიების ფორმატი იცვლება და მას მარათონის სახე ექნება.  კონკურსის გამოცხადებიდან ავტორებს საინტერესო რესურსების შექმნის, დახვეწის, განახლების საშუალება 3 თვის განმავლობაში ექნებათ. შარშანდელის მსგავსად, კონკურსზე "ვარეზული", ასევე პორნოგრაფიული ხასიათის მასალების შემცველი და ეთნიკური ძალადობისკენ მიმართული რესურსები არ დაიშვება. გარდა ამისა, კონკურსის პირობებში ბევრი სიახლეა. გაზრდილია საპრიზო ფონდი, ასევე დამატებულია ახალი კატეგორიები. კომპანია "მაგთიკომის" გადაწყვეტილებით, კონკურსის ფარგლებში,  "ბალის" სტუდენტური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის შექმნაც არის გათვალისწინებული. 8 კატეგორიაში გამარჯვებულს (თითოეულ კატეგორიაში 3 ადგილის მფლობელს) წარმომადგენლობითი  ჟიური გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ შარშანდელის მსგავსად, მათი ვინაობა გასაიდუმლოებული იქნება. ძირითად რუბრიკებს შეიძლება კიდევ რამდენიმე დაემატოს, რომელში გამარჯვებულებსაც წამახალისებელი პრიზები გადაეცემათ. ასევე ცნობილია, რომ 6 კატეგორიაში სოლიდური ფულადი ჯილდოები დაწესდება.  კონკურსის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებას საიტების- www.navigator.ge და ww.TOPSITE.ge მეშვეობით შეძლებთ. რამდენად მასშტაბური იქნება წლევანდელი კონკურსი, რატომ გადაწყდა მისთვის მარათონის სახის მიცემა და რა კრიტერიუმებით შეფასდებიან კონკურსანტები, აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ საგამომცემლო სახლის "ნავიგატორი" გენერალურ დირექტორს ირაკლი ქაშიბაძეს, კომპანია "მაგთიკომის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ლობჟანიძესა და სტუდია ITDC-ის დირექტორს მამუკა მონავარდისაშვილს  გავესაუბრეთ

როგორც ცნობილია, წელს ინტერნეტ-საიტების კონკურსს მარათონის სახე ექნება, რა არის ამის მიზეზი?

ირაკლი ქაშიბაძე, საგამომცემლო სახლის "ნავიგატორი" გენერალური დირექტორი-რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ქართული ინტერნეტის განვითარება თითქმის შეჩერებულია. კონკურსის ჩატარება უკვე არსებულ საინტერესო საიტებს შორის, რომელთა უმეტესი ნაწილიც წინა წლის კონკურსში დაჯილდოვდა, არასწორი და არაეფექტური  მოქმედება იქნებოდა ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვინდა იმ ხალხის სტიმულირება, რომლებსაც აქვთ საინტერესო იდეა ელექტრონული პროექტის შესაქმნელად. რაც მთავარია, გვინდა, რომ კონკურსანტებმა ყურადღება ახალი ტიპის პროექტებზე გაამახვილონ web 2.0 კონცეფციის გათვალისწინებით, გვსურს, რომ განვითარდეს ბლოგები, AJAX ტექნოლოგიით შექმნილი საიტები, გაჩნდეს ინტერნეტ კინემატოგრაფია, სოციალური ქსელები და ა.შ.  კონკურსანტებს სამი თვე ექნებათ იმისთვის, რომ იდეები დახვეწონ და ჩამოაყალიბონ კონკრეტულ ინტერნეტ პროექტებში. კონკურსის მარათონის სახით ჩატარების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა საზოგადოების და ბიზნეს წრეების ყურადღების მიპყრობა. დღეისათვის ქართული კომპანიები საკმაოდ დიდ თანხებს სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ და სამწუხაროდ, ეფექტურ არხებს - ინტერნეტ რეკლამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ბიზნესის და ინტერნეტ პროექტების აქტიური თანამშრომლობის დაწყება ურთიერთსასარგებლო მოვლენა იქნება. დღეისათვის არსებული რამდენიმე ქართული კონტენტ პროექტი საკმაოდ ეფექტურად უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქტების თუ სერვისების პოპულარიზაციას. კონკურსის  ფარგლებში ამ ფაქტორსაც  დიდ ყურადღებას მივაქცევთ.

ირაკლი ლობჟანიძე, კომპანია "მაგთიკომის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე-სერიოზული ნამუშევრის შესაქმნელად დროა საჭირო. შარშან ავტორებმა კონკურსზე უკვე არსებული საიტები წარადგინეს. ახლა გვინდა, რომ ადამიანებმა არსებული რესურსები კი არ გამოიტანონ, არამედ ახალი შექმნან და უშუალოდ ამ კონკურსთან მიმართებაში საკუთარი იდეები განახორციელონ.

კონკურსი საუკეთესო ქართული ინტერნეტ-საიტების გამოსავლენად უკვე მეორედ ტარდება და შარშანდელის მსგავსად კომპანია "მაგთიკომი" ღონისძიების გენერალურ  სპონსორს წარმოადგენს, რამდენად დაინტერესებულია კომპანია ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებით? 

ი. ლობჟანიძე-საერთოდ "მაგთიკომის" ძირითად, სტრატეგიულ მიმართულებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს და თუ გადავხედავთ იმ კომპანიებს, რომლებიც კავშირგაბმულობის სფეროში მოღვაწეობენ, "მაგთიკომი" თამამად შეიძლება ერთ-ერთ ისეთ კომპანიად ჩაითვალოს, რომელიც ამ სფეროში ინოვაციებს  ნერგავს. ის, რომ კომპანია ხელს უწყობს ქართული ინტერნეტ-სივრცის განვითარებას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია. ისევე, როგორც შარშან,  ჩვენთვის წელსაც აქტუალურია, რომ წავახალისოთ ქართული ინტერნეტ კონტენტის განვითარება და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ვფიქრობ, რომ ამით კომპანია საზოგადოებრივ საქმეს აკეთებს. ამ შემთხვევაში "მაგთიკომს" არავითარი კომერციული ინტერესი არ გააჩნია. კომპანია  ყოველთვის ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ნებისმიერ ტექნოლოგიურ განვითარებასა და  წინსვლას საქართველოში.

როგორი იქნება კონკურსზე შეფასების ძირითადი კრიტერიუმები?

სტუდია ITDC-ის დირექტორი მამუკა მონავარდისაშვილი-რა თქმა უნდა, ყველა ნომინაციაში ნამუშევართა შეფასების კრიტერიუმები განსხავებული იქნება, მაგრამ ძირითადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც  ვებსაიტების შეფასება მოხდება, შემდეგია: საერთო აღქმა, შინაარსი, დიზაინი, ნავიგაციის სიმარტივე, გამოყენებული ტექნოლოგიები, სტილისტური მდგრადობა და ერთსახეობა, სოციალური მნიშვნელობა, პოპულარობა, ინოვაციურობა.

კონკურსის ფარგლებში, "ბალის" სტუდენტური კლუბის საიტის შექმნაა გათვალისწინებული, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საიტი, რომელსაც "მაგთიკომი" საიმიჯოდ გამოიყენებს?

ი. ლობჟანიძე-ამასთან დაკავშირებით, გვინდა იდეების მოზიდვა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს "ბალის" სტუდენტური კლუბი, რომელსაც თავისი ვებ-გვერდი არ გააჩნია. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მისი შექმნა კონკურსის პირობებში ჩაგვესვა. ჩავთვალეთ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ რას შემოგვთავაზებენ კონკურსანტები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საიტებს, რომლებიც გაიმარჯვებენ იმ სახით გამოვიყენებთ, რა სახითაც წარმოდგენილი იქნება. გამარჯვებულს ჩვენ  საიტს თავიდან შევუკვეთავთ. შევარჩევთ ადამიანს, რომელიც იდეის დონეზე ჩვენთან ყველაზე ახლოს იქნება.

როდის დაიწყება საიტების რეგისტრაცია?

ი. ქაშიბაძე-რეგისტრაცია უახლოეს დღეებში ww.TOPSITE.ge-ზე  დაიწყება და ის შეიძლება ერთ თვეს გაგრძელდეს. ასევე გათვალისწინებული იქნება დრო დამატებითი რეგისტრაციისათვის, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება სექტემბრის ბოლოს მოხდება. კონკურსით დაინტერესდა ბევრი ცნობილი კომპანია, მათ შორის  Microsoft, რომელიც ჯილდოს დაწესებასაც აპირებს ერთ-ერთ რუბრიკაში.

როგორ აფასებთ ამ კონკურსის მნიშვნელობას?

ი. ქაშიბაძე-პირველ რიგში, მინდა, რომ ინტერნეტ პროექტების შექმნით დაინტერესებულმა პირებმა გაითავისონ-ეს საკმაოდ საინტერესო და მომგებიანი საქმიანობაა. წარმატების მიღწევის შემთხვევაში ჯგუფი არ უნდა შეჩერდეს ლოკალური ბაზრით და გლობალურ მაშტაბებზეც იფიქროს. კონკურსი სტიმულს აძლევს ინიციატიურ ადამიანებს იმოქმედონ, შედეგი კი პოტენციურად საკმაოდ მაღალი შეიძლება იყოს, სოციალური თვალსაზრისით, ეკონომიური და ა.შ ყველაზე მთავარი ისიც არის, რომ კონკურსის მნიშვნელობას ათვიცნობიერებენ ჩვენი მხარდამჭერი კომპანიები, რომელშიც გვინდა გამოვყოთ "მაგთიკომი".

ი. ლობჟანიძე-პრაქტიკულად, ჩვენს ინტერნეტ-სივრცეში კონტენტის ადგილობრივი შემქმნელები ძალიან მწირედ არიან წარმოდგენილი და რესურსების დიდი ნაწილი კოპირებულია, რასაც მე ქართულ პროდუქციად არ ვთვლი. ამიტომაც, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. "მაგთიკომის" გადასახედიდან მთავარი ის არის, რომ საფუძველი ეყრება სერიოზულ საქმეს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში IT ტექნოლოგიების განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი  ერთობლივი ძალებით განვავითაროთ. 

მ. მონავარდისაშვილი-ჩვენი კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება. შარშანდელი კონკურსიდან გამომდინარე მას  უკვე მოპოვებული აქვს დიდი პოპულარობა ინტერნეტ წრეებში. წლევანდელი ინტერნეტ კონკურსის მიზანია  -  გახდეს საინტერესო და პოპულარული არამარტო ინტერნეტ მომხმარებელთათვის, არამედ საზოგადოებისათვის. კონკურსის მნიშვნელობა ძალიან დიდია!  ნებისმიერი  ქვეყნის განვითარება ხშირად ფასდება არამხოლოდ მისი ეკონომიკური მაჩვენებლებითა თუ სხვა მახასიათებლებით, არამედ ამ ქვეყნის ინტერნეტ რესურსების სიმრავლითა და ხარისხით  და ეს  გასაგებიცაა, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ინტერნეტი საზოგადების ყველა მიმართულებით განვითარების ყველაზე უფრო ზუსტი ინდიკატორია. საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია  ინტერენტ რესურესების განვითარების სტიმულირება. სამწუხაროდ, ქართულ ინტერნეტში ჯერ კიდევ ძალიან ცოტა და უმნიშვნელო ადგილს იკავებს  საინტერესო და ქართულ საზოგადოებაზე ორიენტირებული საიტები. მოთხოვნადი რესურსების არარსებობა თავისთავად განაპირობებს რეკლამის და აქედან გამომდინარე ინტერნეტის განვითარებისათვის აუცილებელ ფინანსურ წყაროს, ეს კი მთლიანობაში ინტერნეტ სივრცის, როგორც ბიზნეს გარემოს, განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. კონკურსის მეშვეობით, ერთი მხრივ, ჩვენ გვინდა დავანახოთ ქართველ ინტერნეტ მომხმარებელს, რა არის ფასეული და საინტერესო ქართლულ  ვებში და მეორე მხრივ, ბიზნეს წრეებს გავაცნოთ ქართული ინტერნეტის სარეკლამო პოტენციალი. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, გავაღვიძოთ ინტერნეტ რესურესების მწარმოებლებში ინტერესი, რათა შექმნან უფრო მეტი საინტერესო და ღირებული პროდუქტი.

წყარო: გაზეთი ნავიგატორი

 
 
ITDC-სთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. მთავარი კი რაშიც დავრწმუნდი არის ის, რომ თუ მოინდომებს ITDC ურთულესი კონსტრუქციის საიტსაც კი 1 კვირაშიც გააკეთებს.

ანა ტოკლიკიშვილი
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო