მომავლის ტელევიზია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში

 

ტელევიზიის ინტერნეტში დამკვიდრება სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ისინიც კი, ვინც ტრადიციულ ტელემაუწყებლობაში მოღვაწეობენ, აღიარებენ, რომ დროა საქმიანობაში გარკვეული სიახლეები და ინტერაქტიურობა შეიტანონ. "ტრადიციული ტელევიზია 7-8 წლის შემდეგ აღარ იქნება"-დარწმუნებულია ამერიკული ტელეარხის CBS-ის პროდიუსერი კიმ მოზესი. თანამედროვე მაყურებელს უკვე აღარ სჭირდება თანამგზავრული ანტენები თუ დეკოდერები იმისთვის, რომ სასურველ არხს უყუროს. ინტერნეტი დღეს უკვე ერთ-ერთი ის ეფექტური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მას საშუალება ეძლევა პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს  მსოფლიოს სხვადასხვა მაუწყებლობებს, თუმცა ინტერნეტის შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და მომხმარებლებისთვის ტელე-არხების ტრანსლირების ფარგლებს გასცდა. ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი.

დღესდღეობით ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ინტერნეტ-ტელევიზია მომავლის ტელევიზიაა. მართალია, დღესდღეობით საქართველოში კომპიუტერების რაოდენობას ტელევიზორების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მომავლის ტელევიზიას  ქართულ ვებ-სივრცეში საფუძველი უკვე ჩაეყარა. პირველი ინტერნეტ-ტელევიზია "კოლხა"  (http://kolkha.org/) კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ცენტრმა, რომელიც მივიწყებული ქართული კულტურის, ისტორიის, ენისა და ტრადიციების მიმართულებით მუშაობდა, ეს საკითხები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს დაუკავშირა და დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ინტერნეტ-ტელევიზია დააარსა. ინტერნეტზე კი არჩევანი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე შეჩერდა: "მოგეხსენებათ, ლაზები ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთში ძალიანაა განვითარებული ინტერნეტი და, ამასთან, მისი დახმარებით ტელევიზიის ყურება შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. "კოლხას" მთავარი თავისებურება კი ის არის, რომ მის ეთერში ყველა მასალა ლაზურ დიალექტზე გადის",-აცხადებს ტელევიზიის მთავარი რედაქტორი მიხეილ ლაბაძე.  "კოლხა" ტელეკომპანია "ივერიის" ბაზაზე დაარსდა და ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა მთლიანად  ამ არხის სპეციალისტების მიერ განხორციელდა. რაც შეეხება მის ბადეს, მაუწყებლობა მხოლოდ 2 საათს გრძელდებოდა. შემდეგ კი ეთერში გასული მასალები ვებ-გვერდზე, არქივში თავსდებოდა. ამჟამად სწორედ იმის გამო, რომ "ივერია" ეთერში აღარ გადის, მაუწყებლობა შეჩერებული აქვს "კოლხასაც", ხდება მხოლოდ ვებ-გვერდის განახლება. მიხეილ ლაბაძე ამბობს, რომ მაუწყებლობა მაშინვე აღდგება, როგორც კი ივერია ეთერში გავა. აღსანიშნავია, რომ "კოლხა" მაყურებლებს შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და დღეში ვებ-გვერდს დაახლოებით 60 ათასი ვიზიტორი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საერთოდ, მიხეილ ლაბაძე თვის, რომ ინტერნეტ-ტელევიზიას საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ვებ-სივრცე გაცილებით თავისუფალია: "მას არ სჭირდება სიხშირე, ლიცენზიები, აქ  გამორიცხულია ცენზურა..ძალიან მალე ინტერნეტი მასმედიის მძლავრ საშუალებად იქცევა, ქართულ ვებ-სივცეში კი ამ კუთხით პირველი ნაბიჯი ჩვენ უკვე გადავდგით",-აღნიშნავს იგი.

იმ გარემოებამ, რომ ინტერნეტი ყველაზე კარგი საშუალებაა თავისუფალი და ობიექტური ჟურნალისტური საქმიანობისთვის, განაპირობა კიდევ ერთი ქართული ინტერნეტ-ტელევიზიის gevision.tv-ის შექმნა(http://www.gevision.tv/). თავის დროზე ტელეკომპანია "იმედში" მომუშავე ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ განსხვავებული ტელევიზია და არჩევანი სწორედ ინტერნეტზე შეაჩერეს. "gevision.tv -უფრო მეტი, ვიდრე ტელევიზია" გასული წლის 8 ნოემბრიდან მაუწყებლობს. როგორც მისი დამფუძნებელი დირექტორი რუსკა ჭაბუკიანი თვლის, ტელევიზიის პოპულარობას ექსკლუზიური ინტერვიუები და სიუჟეტები, ობიექტური ინფორმაცია და ის თემები განაპირობებს, რომლებიც სატელევიზიო არხებით არ შუქდება. gevision.tv-ის მაყურებელთა რაოდენობა დღეში 300-500-ს შეადგენს, თუმცა როგორც რუსკა ჭაბუკიანი თვლის, იქიდან გამომდინარე, რომ მისი რეკლამა პრაქტიკულად არ გაკეთებულა, ეს ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. ინტერნეტ-ტელევიზია დღეს ერთი კამერითა და მიკროფონით მაუწყებლობს და ძირითადად თვითდაფინანსებაზეა, თუმცა მიუხედავად ამისა, მის შექმნელები განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. უკვე მუშავდება და სავარაუდოდ ერთ თვეში მზად იქნება პროექტი, რომელიც პირდაპირ ეთერში 24-საათიან მაუწყებლობას ითვალისწინებს. პოლიტიკისა და ახალი ამბების თემატიკას კი გასართობი, შემეცნებითი და სპორტული გადაცემებიც დაემატება. როგორც რუსკა ჭაბუკიანი ამბობს, ინტერნეტ-ტელევიზიის შესაქმნელად IT სპეციალისტთან  და სათანადო საკადრო რესურსთან ერთად, ენთუზიაზმი და განსხვავებული საქმის კეთების სურვილია საჭირო, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება,  ინტერნეტ-ტელევიზიის მაყურებლების რაოდენობაც გაიზრდება და  ძალიან მალე იგი ბიზნეს-შემოსავლის წყაროდ იქცევა.

ინტერნეტ-ტელევიზიების ბუმის დაწყებას საქართველოში უახლოეს მომავალში ვარაუდობს ITDC-ის გენერალური დირექტორი მამუკა მონავარდისაშვილი. "ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული: ინტერნეტ-აუდიტორია მალე გაუტოლდება სატელევიზიო აუდიტორიას. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სატელევიზიო ეთერის ორგანიზებისთვის, კატასტროფულად დიდია ინტერნეტ-ფორმატში მაუწყებლობის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ინტერნეტ-ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდება გაცილებით ნაკლები ტექნიკური და ადამიანური რესურსები. ასე რომ, ამ სფეროს განვითარებას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ",-აღნიშნავს იგი  და დასძენს, რომ დღეს არსებული ქსელების გამტარუნარიანობა და უახლესი ვიდეო კომპრესიის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ინტერნეტ-მაუწყებლობა მარტივად და იაფად განხორციელდეს. რაც შეეხება მათ, ვისაც ინტერნეტ-ტელევიზიის შექმნა სურთ და აინტერესებთ რა არის საჭირო ამ საქმიანობის დასაწყებად: როგორც მამუკა მონავარდისაშვილი აღნიშნავს, ტექნიკურად ინტერნეტ-მაუწყებლობის გასახორციელებლად  საკმარისია მძლავრი სერვერი, დიდი გამტარუნარიანობის შეერთება ლოკალურ და გლობალურ ქსელთან  და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მედიასტრიმინგის უზრუნველსაყოფად. ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიის ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას.

წყარო: გაზეთი ნავიგატორი

ძიება საიტზე
 
 
კომპანიის თანამშრომლები პროფესიულად უდგებოდნენ თითოეულ საკითხს როგორც მუშაობის მთელ პერიოდში, ისე სწრაფად გადასაწყვეტ, დაძაბულ ვითარებაშიც.

გიორგი ხაცაკვაძე
ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი