არგუსი-სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზირებული სისტემა

 

უკანასკნელ წლებში მართვის ავტომატიზირებული სისტემების დანერგვა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ამგვარი სისტემების გამოყენება განათლების სფეროში ჯერჯერობით ნაკლებად ხდება, თუმცა  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტიპის გადაწყვეტილების დანერგვის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. სულ ახლახანს ასეთ სისტემაზე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი გადავიდა, სადაც უკვე ინერგება ამავე უმაღლესი სასწავლებლისა და ITDC -ს ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული პროდუქტი "არგუსი"  (არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სისტემა).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებს განათლების სფეროში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს და მათი გამოყენება ფართო მასშტაბებითა და მიმართულებებით შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა და სწავლების ახალმა პრინციპებმა შესაბამის დაწესებულებებში სასწავლო პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემების დანერგვის საჭიროება მოიტანა. რას წარმოადგენს  სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზირებული სისტემა "არგუსი" და რა პოზიტივები მოაქვს მას უნივერსიტეტისთვის?

ახალი სისტემა სამი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. ერთდროულად იგი 10000 რეგისტრირებულ სტუდენტს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ემსახურება. "არგუსი"მარტივი ინტერფეისების მეშვეობით სტუდენტების მიერ  ძირითადი და მეორადი სპეციალობების სალექციო კურსების, საგნების, პედაგოგებისა და კურსების არჩევას, საკუთარი აკადემიური მოსწრებებისა და მთლიანი სასწავლო პროცესის მონიტორინგსა და სასწავლო ელექტრონულ მასალებთან დაშვებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ "არგუსში" ყველა პროფესორსა თუ მიწვეულ პედაგოგს  საკუთარი გვერდი ექნება. სისტემის დახმარებით მათ საშუალება ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე სემესტრში საკუთარი სასწავლო კურსების შესახებ,  გაეცნონ ამ კურსების ცხრილსა და მათზე ჩაწერილი სტუდენტების სიას ჯგუფების მიხედვით. პედაგოგს ასევე შეუძლია   სასწავლო მასალები "არგუსში" ელექტრონული სახით განათავსოს და მიმდინარე და საბოლოო შეფასებების მართვა განახორციელოს. სისტემა უზრუნველყოფს პედაგოგისა და სტუდენტის ელექტრონული კომუნიკაციის შესაძლებლობასაც. რაც შეეხება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, "არგუსის" დახმარებით მას საშუალება ეძლევა, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სასწავლო კურსების მიმდინარეობის შესახებ, აწარმოოს სხვადასხვა სახის სტატისტიკა. სისტემის მეშვეობით  ადმინისტრაციის მიერ სასწავლო წლების, სასწავლო სემესტრების, აკადემიური პერსონალის, სასწავლო მიმართულებებისა და პროგრამების მართვა, სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის მომზადება, საგამოცდო-საშუალედო უწყისების ფორმირება და სტუდენტების მოსწრებისა და განაწილების კონტროლი ხორციელდება.

"არგუსის" შექმნაზე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად ITDC -ს 7 კაციანი ჯგუფი მუშაობდა. როგორც ITDC -ს გენერალური დირექტორი მამუკა მონავარდისაშვილი აღნიშნავს, სისტემა მთლიანად ვებ-ტექნოლოგიაზეა დამყარებული და  უნივერსიტეტში სასწავლო პროცესებისა და აკადემიური პერსონალის მართვის ეფექტურობის ამაღლებას ემსახურება. "არგუსი" შემუშავებულია ე.წ. OPENSOURCE ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ოპტიმალურია აკადემიური დაწესებულებებისათვის. ამას გარდა,  გამოყენებულია ტექნოლოგიები PHP, ajax mySQL და  Codeigniter  (php framework-ი MVC (Model View Controller)",-განმარტავს იგი.  სისტემის სტრუქტურა საკმაოდ რთულია, ვინაიდან   გათვლილია სხვადასხვა დონისა და უფლებების მომხმარებლის ერთდროულ მუშაობაზე. ამასთან, სასწავლო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი ინტერფეისებთან მუშაობის რამდენიმე რეჟიმს, მათ შორის, რეგისტრაციის მომზადებას,  რეგისტრაციას, სასწავლო პროცესის მართვასა და კურსიდან კურსზე გადასვლას მოიცავს.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე საბაკალავრო პროგრამების მართვის მიმართულებით ლელა ხომერიკი "არგუსის" დანერგვის დასაწყისს წარმატებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი პროგრამის შექმნა რთული ამოცანის გადასაჭრელად ორი მხარის-დამკვეთისა და შემსრულებლის მზაობის თანხვედრას გულისხმობს. "დამკვეთს კარგად უნდა ესმოდეს რა პროდუქტის  მიღება სურს და ზუსტად უნდა შეეძლოს დასახული ამოცანის ჩამოყალიბება,  ხოლო შემსრულებელმა წარმატებული ტექნიკური ხორცშესხმათვის იმ პროცესის ლოგიკის გააზრება უნდა განახორციელოს, რომელსაც ეს პროგრამა ემსახურება.  "არგუსის" დანერგვის წარმატებული  დასაწყისი ამ ორმხრივი მზაობის თანხვედრამ განაპირობა",-განმარტავს იგი. პროგრამის დახვეწის მიზნით, სასწავლო პროცესის ადმინისტრატორებსა და ITDC -ს სპეციალისტებს შორის მუდმივი ინტერაქცია გრძლედება, თუმცა ახალ სისტემაზე გადასვლის შედეგად ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სტუდენტებს უკვე მიეცათ შესაძლებლობა ნემისმიერ დროს, მათთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილას ინტერნეტის მეშვეობით ყოველი სემესტრის დასაწყისში აირჩიონ სასწავლო კურსები, სურვილის შესაბამისად დააფიქსირონ ძირითადი და ასევე მეორე სპეციალობა, თვალი ადევნონ შუალედურ და საბოლოო შეფასებებს, გაეცნონ პირად საქმეს  და სურვილის შემთხვევაში ამობეჭდონ, ნახონ და გადმოტვირთონ არჩეული კურსების ელექტრონული სასწავლო მასალები.

            ალბათ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე ქართულ საგანმანათლებლო სფეროში მოთხოვნა სულ უფრო გაიზრდება. მითუმეტეს, როგორც ლელა ხომერიკი ამბობს, თანამედროვე სასწავლო პროცესის ახლებური მართვა კომპიუტერული ტექნოლოგიების აქტიური ჩართვის გარეშე შეუძლებელია და თანამედროვე სასწავლო პროცესი IT ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ვერ შედგება.

წყარო: გაზეთი ნავიგატორი

ძიება საიტზე
 
 
ITDC _ს მივმართეთ ბანკისთვის ახალი ვებ-საიტის დამზადებისთვის.კომპანიამ ოპერატიულად და პროფესიონალურად შეასრულა დაკისრებული სამუშაო.

გიორგი გოგუა
სს ბანკი "კონსტანტა"