საქართველოში IPTV-ს დანერგვა იწყება

 

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიები აქტიურად მუშაობენ IPTV-ს(Internet Protocol Television) განვითარებაზე. IPTV-ციფრული ინტერაქტიური ტელევიზიაა, რომლის სიგნალიც აბონენტს IP ქსელის დახმარებით მიეწოდება. მისი მთავარი უპირატესობა საკაბელო და თანამგზავრულ მაუწყებლობასთან შედარებით ინტერაქტიურობა და სხვადასხვა დამატებითი სერვისების (Video on Demand (VoD), TVoIP, Time Shifted TV, Network Personal Video Recorder, Electronic Program Guide, Near Video on Demand) ფართო არჩევანია, იმდენად რამდენადაც IP პროტოკოლის შესაძლებლობები პროვაიდერ კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს, არა მარტო ვიდეომომსახურებები, არამედ დამატებითი სერვისების გაცილებით ფართო პაკეტი შესთავაზოს. ამასთან, იგი Triple Play-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტსაც წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საკმაოდ სწრაფად იზრდება აღნიშნული პროდუქტის მომხმარებელთა რიცხვიც: ანალიტიკური ორგანიზაცია Infonetics-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს IPTV-ზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება და წლის ბოლოსთვის მისი მომხმარებელთა რიცხვი მსოფლიოში 53 მილიონს მიაღწევს, ხოლო IPTV-ს მომსახურებებისა და შესაბამისი მოწყობილობების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 44 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.

ქართული ბაზრისთვის IPTV-ს  შეთავაზებას ქართული კომპანიებიც გეგმავენ. უკვე ცნობილია, რომ მისი დანერგვისთვის "მაგთიკომი", "გაერთიანებული ტელეკომი" და "კავკასუს ონლაინი" ემზადებიან. "გაერთიანებულ ტელეკომს" IPTV-ს პრეზენტაცია 2 ოქტომბრისთვის აქვს დაგეგმილი. კომპანიის IPTV-სა და ინტერნეტ-განვითარების პროექტების დირექტორის ნიკა ჭიაურელის განცხადებით, ამჟამად პროდუქტის ტესტირება  მიმდინარეობს.  უკვე ცნობილია, რომ IP ტელევიზიას "გაერთიანებული ტელეკომი" მომხმარებელს ინდივიდუალური პაკეტების სახით მიაწვდის. კომპანიის მოლაპარაკებები წამყვან უცხოურ არხებთან კვლავაც გრძელდება, სულ კი "გაერთიანებული ტელეკომი" მომხმარებლისთვის მინიმუმ 200 არხის, მათ შორის 3  HD არხის,  შეთავაზებას გეგმავს. პაკეტის მინიმალური  საფასური 25 ლარი, მაქსიმალური კი 60 ლარი იქნება. სატელევიზიო არხების ნახვის გარდა, აბონენტებს  დამატებითი სერვისებით-ამინდის პროგნოზით, world clock-ით,ონლაინ ბილინგით და სხვა მომსახურებებით სარგებლობაც შეეძლებათ. პარალელურად, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს წამყვან სატელევიზიო და კინო სტუდიებთან შესაბამისი ლიცენზირებული კონტენტის მიწოდებაზე, რომელთაც აბონენტებს ონლაინ-ბიბლიოთეკის სახით შესთავაზებს. ამას გარდა, მომხმარებლებს არხების ინდივიდუალური შერჩევის, მათი 48 საათით გადახვევის საშუალებაც ექნებათ. პროექტის განსახორციელებლად  "გაერთიანებული ტელეკომი" ჯამში 4 მილიონ დოლარს დახარჯავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ "გაერთიანებული ტელეკომის" ინტერნეტ-მომხმარებლებს შეეძლებათ. "IPTV-ს დანერგვა კომპანიის განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს სერვისი განუყოფელია ყველა მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერისთვის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს  საქართველოში პირველი TRIPLE-PLAY  შევთავაზოთ, რისთვისაც გამოყენებული იქნება, როგორც "გაერთიანებული ტელეკომის", ისე "ვანექსის" ინფრასტრუქტურა",-აღნიშნავს ნიკა ჭიაურელი. მოგვიანებით კი კომპანია IPTV-ს ინტეგრაციას უკვე CDMA მობილურ სერვისთან გეგმავს.

"გაერთიანებული ტელეკომის" გარდა, IPTV-ს შეთავაზებას "მაგთიTV"-ს ბრენდით "მაგთიკომიც" გეგმავს. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის ირაკლი ლობჟანიძის თქმით, ახალი პროდუქტის კომერციული გაშვება სავარაუდოდ ოქტომბრისთვის იგეგმება. სერვისი მიბმული იქნება ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ-მომსახურებაზე, რომელსაც კომპანია ასევე ოქტომბრისთვის შესთავაზებს  მომხმარებელს. "მაგთიკომის" IPTV-თ სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რაც შეეხება კონტენტს, როგორც ირაკლი ლობჟანიძე აცხადებს, სტანდარტული ქართული არხების გარდა, კომპანიას დამატებითი სიახლეებიც აქვს დაგეგმილი. სულ "მაგთიკომი" აბონენტებს 100-მდე არხს შესთავაზებს, მათ შორის იქნება ის წამყვანი უცხოური არხებიც, რომლებიც HD ფორმატში მაუწყებლობენ. არხების კონკრეტული რაოდენობა, ისევე როგორც სატარიფო პოლიტიკა და დამატებითი სერვისების ჩამონათვალი, ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია.  "ტარიფები ბაზარზე არსებულის კონკურენტუნარიანი იქნება. რაც შეეხება დამატებით სერვისებს,  პოტენციურად ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ აბონენტებს შევთავაზოთ ყველა ის დამატებითი მომსახურება, რომელიც IPTV-ს ახასიათებს. თავისთავად იქნება არხების გადახვევის სერვისი, თუმცა არსებობს არხები, რომლებიც გვრთავენ ამის ნებას და რომლებიც-არა. დროის ფაქტორთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ ესეც დამოკიდებულია იმაზე, თუ რის უფლებას გაძლევს არხი და შენახვის რა საშუალებები აქვს კომპანიას, შეიძლება იყოს ერთი კვირა, ან 5 დღე, ჯერჯერობით ესეც ღია საკითხია ",-აღნიშნავს იგი.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც IPTV-ს უკავშირდება, საქართველოში ფართოდ გავრცელებული არალიცენზირებული კონტენტია. "გაერთიანებულ ტელეკომში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროდუქტის გაშვების პარალელურად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სატელევიზიო არხების არალიცენზირებულ რეტრანსლაციასთან თუ არალიცენზირებული კონტენტის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოსთხოვენ და საკითხის დასარეგულირებლად ყველა სამართლებრივ მეთოდს მიმართავენ.  დაახლოებით იგივე პოზიცია აქვთ "მაგთიკომშიც": "თავისთავად ეს საკითხი უნდა დადგეს. ყველა კომპანიამ, რომელიც არხის რეტრანსლაციას ახდენს, შესაბამისი საფასური უნდა გადაიხადოს, რათა ჯანსაღი კონკურენცია იყოს. ეს მთელი სახელმწიფოს პრობლემაა.  ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს მარეგულირებელში და სახელმწიფოს მხარდაჭერას ველოდებით. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს დარეგულირებული. მეორე ეტაპია უკვე ფილმების ლეგალიზაცია და ეს გაცილებით რთული იქნება, იმიტომ, რომ არალეგალური კონტენტი ფილმების სახით იმდენად მოდებულია საქართველოში, რომ ამისთვის საკმაოდ სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი არა მარტო კომპანიების მხრიდან. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერიოს ამ საკითხში",-აცხადებს ირაკლი ლონჟანიძე.

IPTV-ს ქართულ ბაზარზე დანერგვამდე, კომპანია ITDC-მ  www.myvideo.ge -ს მომხმარებელს არხების გადახვევის სერვისი უკვე შესთავაზა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა მონავარდისაშვილი აღნიშნავს, სერვისი, რომელიც უკვე 2 კვირაა ბეტა-ტესტირების რეჟიმში გაეშვა, IPTV-დან "ნასესხები" იდეების- ე.წ. time shifted ტრანსლიაციის, video on demand-ისა და EPG სატელევიზიო ელექტრონული პროგრამის ნაზავს წარმოადგენს. სერვისის მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა საშუალება სრული სატელევიზიო ხარისხით, რაც უპრეცენდენტოა დღესღეობით საქართველოში, ინტერნეტის მეშვეობით უყუროს ქართულ ტელეარხებს. ჯერჯერობით საცდელ რეჟიმში მხოლოდ "ტელეიმედი" და "რუსთავი2 -ია" გაშვებული, თუმცა სამომავლოდ ყველა ქართული ტელე-არხის მოცვა იგეგმება. ამავე სერვისის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია უყუროს გასული ეთერის ნებისმიერ მონაკვეთს სურვილისამებრ, დააპაუზოს, დაბრუნდეს უკან, მონიშნოს მისთვის სასურველი სიუჟეტი, გაუგზავნოს იგი მეგობარს და ა.შ. ამჟამად სატელევიზიო ეთერის სრული 10 დღის მასალის ნახვაა შესაძლებელი, თუმცა იგეგმება არქივის სიდიდის მნიშვნელოვნად გაზრდა. როგორც მამუკა მონავარდისაშვილი ამბობს, სერვისი უკვე სარგებლობს პოპულარობით: "რამდენიმე დღეში ამ სერვისს დაემატება ბევრი ისეთი ფუნქცია, რაც  ძალიან მოსახერხებელსა და სასიამოვნოს გახდის ქართული ტელეარხების ყურებას ინტერნეტ-მომხმარებლისათვის. მათ შორის, იქნება ისეთი არასტანდარტული და ორიგინალური გადაწყვეტები, რომლის ანალოგსაც ვერ შეხვდებით ვერც ერთ უცხოურ ცნობილ ვიდეო და სტრიმინგ საიტებზე",-დასძენს იგი.

ასე რომ, ქართველ ინტერნეტ-მომხმარებელს ბევრი საინტერესო სერვისი ელის. რამდენად გახდება პოპულარული და მოთხოვნადი IPTV ქართულ ბაზარზე, ამას დრო აჩვენებს.

წყარო: გაზეთი ნავიგატორი

ძიება საიტზე
 
 
თანამედროვე ტექნოლოგიები, გემოვნებიანი დიზაინი, სწრაფი და კომფორტული მომსახურება - თუ გსურთ თქვენი საქმიანობა საინტერესოდ წარმოაჩინოთ ინტერნეტ-სივრცეში, ითანამშრომლეთ ITDC-ისთან. ITDC ჯგუფი სანდო პარტნიორია!

ხათუნა იოსავა
იუსტიციის სამინისტრო